გიორგი III XII საუკუნის 50-იან წლებში ოსთა მეფის, ხუდდანის ასულ ბურდუხანზე დაქორწინდა. ამ ქორწინებას გარკვეული პოლიტიკური მიზანიც ჰქონდა — ჩრდილოეთის მეზობლებთან კავშირის განმტკიცება. თავის მხრივ, ბურდუხანი გამორჩეული ქალი ყოფილა. მას განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებს და დიდ შეფასებას აძლევს ბასილი ეზოსმოძღვარი.
1160 წელს გიორგი III-სა და ბურდუხანს შეეძინათ ქალიშვილი – თამარი. თამარმა იმ დროისთვის სათანადო აღზრდა-განათლება მიიღო. თამარს თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია ყურადღება. მას განსაკუთრებულად მზრუნველობდა მამიდა (დემეტრე I-ის ასული, გიორგი III-ის და) რუსუდანი, რომელიც ხორასნის სულთნის ცოლყოფილი იყო და დაქვრივების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ფაქტობრივად, თამარი და თავისი და მამიდასთან იზრდებოდნენ.
ორბელთა შეთქმულების შემდეგ მეფე გიორგიმ „შემყრელმან შვიდთავე სამეფოთა მისთამან აწჳა დედოფალთა დედოფალი, ბედნიერი და სჳანი ცოლი მისი ბურდუხან და შვილი მათი თამარ, ნათელი და ბრწყინვალება თუალთა მათთა, და მანიაკი ყოველთა მეფეთა, და გჳრგჳნი ყოველთა ჴელმწიფეთა ... მეფე ყო თამარ, თანადგომითა ყოველთა პატრიაქთა და ებისკოპოზთა, დიდებულთა იმიერთა და ამიერთა, ვაზირთა და სპასალართა და სპასპეტთა ... და დაადგა გჳრგჳნი ოქროსა თავსა მისსა“. ეს მოხდა 1179 წელს. მეფემ დიდიდებულები დააფიცა თამარის ერთგულებაზე. ამის შემდეგ, სახელმწიფოში ცხოვრება ჩვეული წესით გაგრძელდა. გიორგი III კვლავ აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში. დაახლოებით ამავე ხანებში გარდაიცვალა ბურდუხან დედოფალი.
მამა-შვილის ერთობლივი მმართველობის ხანაში, 1179 წელს საგანგებო საკანონმდებლო კრება მოუწვევიათ, რომლის მთავარი მიზანი ქვეყანაში გახშირებული პარვისა და ყაჩაღობის მოსპობა იყო. კრებამ ამ დანაშაულის ჩამდენთათვის სასჯელის უმაღლესი ფორმა — ჩამოხრჩობა დააწესა.
1184 წლის 27 მარტს, ვნების კვირის სამშაბათს, კახეთში გარდაიცვალა გიორგი III. თბილისში ისნის ციხეში მყოფ თამარს მამის გარდაცვალება შეატყობინეს. პატრიარქმა და დიდებულებმა სამშვილდეში მყოფ რუსუდანს ამცნეს ეს ამბავი და თბილისში ჩამოიყვანეს. გიორგი III მცხეთაში დაკრძალეს და იმავე წელს გადაასვენესსაქართველოს მეფეთა საძვალეში –გელათში.
გიორგი III-ს მიერ დიდებულებზე მოპოვებულმა მნიშვნელოვანმა გამარჯვებამ ქვეყნის ცენტრალიზებას შეუწყო ხელი. დიდგვაროვანთა უფლებების აღდგენისთვის ხელსაყრელი დრო სწორედ მეფის გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ თამარი ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში გამეფდა, დიდგვაროვანმა ფეოდალებმა, ეს საკმარისად არ მიიჩნიეს და მისი ხელახლა მეფედ კურთხევა გადაწყვიტეს.
სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი ფეოდალთა პროტესტს სამეფო კარის ჯერ კიდევ გიორგი მესამისეული პოლიტიკის წინააღმდეგ. ეს პროტესტი თანდათანობით კიდევ უფრო გამძაფრდა. ფეოდალებმა, „იმიერთა და ამიერთა“, ერთხმად განაცხადეს, რომ ისინი გიორგი III-ის დროს დაწინაურებულ უგვარო მოხელეებს აღარ დაემორჩილებოდნენ. ასეთებად მიიჩნიეს ამირსპასალარი ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი. სამეფო კარი დათმობაზე წავიდა და ეს მოხელეები თანამდებობებიდან გადააყენა. ამის შემდეგ ფეოდალებს შორის ამ თანამდებობების ხელში ჩაგდებისთვის ბრძოლა დაიწყო.
No comments:
Post a Comment